ფსალმუნნი, თავი 98
უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ხალხზე.
განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.
და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.
აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმცევებელი ღმერთი იყავი მათთვის და შურის მაძიებელი მათი ნამოქმედარისათვის.
აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.
უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერობინთა, შეიძარნ ქუეყანა.
უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა.
აუარებდენ სახელსა შენს დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს.
და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განჰმზადე სიწრფოებაჲ, და განკითხვა და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.
აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ჰხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი,
და სუეტითა ღრუბლისათა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ.
უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ და შურისმეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.
აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა, რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.