ფსალმუნნი, თავი 54
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,
მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან.
ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს.
შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.
და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი.
აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.
ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.
მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით.
ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.
რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;
შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი.
ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.
დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.
ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.
მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემს წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.
მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი, სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.
ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს აღთქმა.
ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.
მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.
ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.
დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმის-ყოფისთჳს ფსალმუნი დავითისა
ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.
მომხედენ და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი
ჴმითა მტერისათა და ჭირითა ცოდვილისათა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უსჯულოებითა და რისხვით მითქმიდეს მე.
გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისა დამეცა ჩემ ზედა.
შიში და ძრწოლა მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან.
და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, ავფრინდე მე და განვისუენო.
ესერა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და ნიავქარისა.
დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უსჯულოებაჲ და ჴდომა ქალაქსა შინა.
დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უსჯულოებაჲ და სიცრუჱ და შრომა შორის მათსა.
და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვა.
რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი. და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო,
რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.
მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი;
მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმეს ჴმისა ჩემისა.
იჴსენ სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა.
ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი.
განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი.
მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა.
ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაჲ