ფსალმუნნი, თავი 49
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.
გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.
და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა.
ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.
მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.
არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.
თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?
შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.
პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით.
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.
ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.
სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისა.
ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად.
მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა.
და შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.
და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.
ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო შენ; ღმერთი შენი ვარი მე.
არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის.
არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა;
რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყჳ;
ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი.
ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა?
შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი.
და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე.
ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა?
შენ, ეგერა, მოიძულე სწავლებაჲ და განაშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი.
იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი.
პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა.
შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური.
ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაჲ; ნუუკუე წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა.
მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი.