ფსალმუნნი, თავი 20
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.
შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე.
რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა არა დააკლე მას.
რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა.
დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა;
რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა არა იძრას.
იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი.
რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი.
ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა.