ფსალმუნნი, თავი 79
გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი.
მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.
ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.
მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.
ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.
რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას?
ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას.
ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.
და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს
რომელი ჰმწყსი ისრაჱლსა, მოიხილე, რომელი უძღჳ, ვითარცა ცხოვარსა, იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.
წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.
ღმერთო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?
მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;
მყვენ ჩუენ საყუედრელ გარემოსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ.
უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხი იგი.
გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ პირნი მისნი, და აღავსო ქუეყანა.
დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა _ ნაძუნი ღმრთისანი.
მისწუადნა რქანი მისნი ზღუადმდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.
აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?
განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი.
ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოჰხედენ ვენაჴსა ამას;
და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა შენისათა წარწყმდენ.
იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.
უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი და ვცხონდეთ.