ფსალმუნნი, თავი 112
ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?
დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,
წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან.
უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!
აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე;
მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა.
მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი.
ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს
და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა?
რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი,
რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;
რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.