ფსალმუნნი, თავი 36
დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.
ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან.
ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი.
ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.
ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.
რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.
და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.
ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისა ადრე დამოცჳვენ.
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.
იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისა.
განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს;
და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი - ვითარცა დღე შუვაჲ.
დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უსჯულოებასა.
დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები, რათამცა უკეთურებდი.
რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანა.
და წუთღა, და არა იყოს უღმრთო და ეძიებდ ადგილსა მისსა და არა ჰპოო;
ხოლო მშჳდრთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.
უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ჰხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.
მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.
მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ.
შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
რამეთუ მკლავნი ცოდვილისანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნეს მართალნი უფალმან.
იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს;
არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ.
რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი, განქარდენ.
ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.
რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანა, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.
უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად.
რაჟამს დაეცეს და არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა მისსა.
ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.
მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.
მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.
რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას.
ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და დაემკჳდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა.
პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მშჯავრსა.
შჯული ღმრთისაჲ მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.
ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რათამცა მოკლა იგი;
ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხჳდეს მას.
დაუთმე უფალსა და დაიცევ გზა მისი, და აგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვა ცოდვილთა იხილო.
ვიხილე მე უღმრთო უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა.
და თანაწარვჰჴედ და, აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.
დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშჳდებელისა.
ხოლო უსჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთა წარწყმდეს.
ხოლო ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.
და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ