ფსალმუნნი, თავი 108
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.
დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.
გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.
იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.
იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.
და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.
და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში.
იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი, გამუდმებით შემორტყმული.
ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ.
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,
რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.
ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.
შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.
ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.
შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას.
რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
დასასრულსა, დავითის ფსალმუნი
ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;
და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად.
სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ.
და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა.
დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა;
საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ.
შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.
ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთა;
იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, და ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახელი მისი.
აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა, და ცოდვა დედისა მისისა ნუ აღიჴოცებინ.
იყუნედ წინაშე უფლისა მარადის,
და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფა წყალობისა
და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.
და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა;
ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და, ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს.
ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა.
და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი.
მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.
და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე, ვითარცა მკალთა.
მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.
და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა, მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.
შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე.
იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს.
შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი.
აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას,
რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რათა იჴსნას მდევართაგან სული ჩემი. დიდებაჲ