ფსალმუნნი, თავი 51
გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა.
როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში.
რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.
ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.
გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე.
დასასრულსა, გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა
რაჟამს მოვიდა დიოკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აქიმელიქისსა
რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე?
სიცრუესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი აღლესული, ჰყავ შენ ზაკვაჲ.
შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს სიმართლისა სიტყჳსა.
შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკვარი.
ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა.
იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი ამავოებითა თჳსითა.
ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.