ფსალმუნნი, თავი 56
გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში.
შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ.
გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. სელა. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა.
წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ.
გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვაღვიძებ ცისკარს.
განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.
დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს, რაჟამს-იგი ივლტოდა პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას
მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უსჯულოებაჲ.
ჴმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველისმოქმედისა ჩემისა.
გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩუენნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაჲ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი.
და იჴსნა სული ჩემი შორის მჴეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი - ჭურ და ისარ, და ენანი მათნი, ვითარცა ჴრმალნი ლესულნი.
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
მახე განჰმზადეს ფვრჴთა ჩემთათჳს და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს.
განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა.
განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღჳძო განთიად.
აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის.
რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაჲ შენი.
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.