ფსალმუნნი, თავი 19
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
გიპასუხოს შენ უფალმა გაჭირვების დღეს, აგამაღლოს შენ იაკობის ღმერთის სახელმა.
გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან. და სიონიდან შეგამაგროს შენ.
გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს აღსავლენი შენი. სელა.
მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;
ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის დღეს.
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ;
მოიჴსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლადდასაწველნი შენნი განაპოხენ.
მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვა შენი აღგისრულენ.
ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა ჩუენ განვდიდნეთ;
აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაჲ შენი. აწ გულისჴმა-ყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისა.
ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით.
იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ. დიდება