ფსალმუნნი, თავი 58
გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი.
მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს წინააღმდეგ აღმდგართაგან.
მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა.
დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.
აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა.
დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
დასასრულსა, ნუ განხრწნა, დავითის ძეგლისწერა, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი, რათა მოკლას იგი
მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.
მიჴსენ მე მოქმედთაგან უსჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე.
რამეთუ, ესერა, მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი;
არცა უსჯულოებაჲ ჩემი, არცა ცოდვა ჩემი, უფალო; უცოდველად ვრბიოდე და წარვჰმართე,
განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. და შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაჱლისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა.
მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან, ვითარცა ძაღლი, და მოადგენ ქალაქსა.
ესერა, იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?
და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი წარმართნი. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი მწე ჩემდა ხარ,
ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო;
ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთა. ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი; განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამჴუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო.
ცოდვაჲ პირისა მათისა სიტყუაჲ ბაგეთა მათთა, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავნებითა მათითა და წყევასა და სიცრუესა უთხრობდენ.
აღსასრულ რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისჴმა-ყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა.
მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლნი და მოადგენ ქალაქსა.
იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ, დრტჳნვიდენცა.
ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა.
მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, და წყალობაო ჩემო.