ფსალმუნნი, თავი 78
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.
მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს.
დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.
სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის.
როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?
გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.
რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.
რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა.
მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.
დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო.
ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.
ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალჱმი, ვითარცა ხილისსაცავი;
დაასხეს მძორები მონათა შენთა საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა.
დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალჱმსა, და არა ვინ იყო მფარველ მათდა.
ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.
ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, შური შენი?
მიჰფინე რისხვა შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახლსა შენსა არა ხადეს;
რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს.
ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.
ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია.
შევედინ შენ წინაშე სულთქმაჲ დაბორკილებულთა, სიმდიდრითა მკლავისა შენისათა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.
მიაგე გარემოსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.
ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.