ფსალმუნნი, თავი 60
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა.
ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.
რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.
რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.
დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.
იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.
დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი
შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისა, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.
კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე,
მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.
დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.
რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთა და ეც მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა.
დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად.
დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მისი ვინ გამოიძიოს იგი?
ესრეთ უგალობდე სახლსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდება.