ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 103

1

აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.

2

გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.

3

წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.

4

რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.

5

დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.

6

უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.

7

შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.

8

ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.

9

საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.

10

გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.

11

დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.

12

მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.

13

რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.

14

აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.

15

და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.

16

გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.

17

რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.

18

მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.

19

შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.

20

განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.

21

ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.

22

ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.

23

გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.

24

რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.

25

ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.

26

იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.

27

ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.

28

მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.

29

დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.

30

გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.

31

იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.

32

დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.

33

ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.

34

ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.

35

გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!

1

აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,

2

შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი.

3

რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;

4

რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;

5

რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.

6

უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.

7

შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან.

8

აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

9

საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.

10

რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

11

სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

12

მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ჴმაჲ მათი.

13

დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთათა განძღეს ქუეყანა.

14

რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.

15

და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

16

განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

17

მუნ მფრინეელთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ მათდა.

18

მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად ყურდგელთა.

19

შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ცნა ჟამი დასლვისა თჳსისა.

20

დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი,

21

ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

22

აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან.

23

გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე.

24

ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა.

25

ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა;

26

მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

27

ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა;

28

მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

29

ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან.

30

გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა.

31

იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თჳსთა.

32

რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან.

33

ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩუენსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

34

ტკბილ ეყავნ გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.

35

მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151