ფსალმუნნი, თავი 85
ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.
დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს.
შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.
ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.
ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.
დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე.
რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან.
ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ წინაშე.
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
პირი ჰქენ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა.
მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.
მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.
იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონა შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავ შენ.
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.
ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ.
ყურად-იღე, უფალო, ლოცვა ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.
არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმე შენთაებრ.
ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა, უფალო.
რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკჳრველებათა შენ ხარ ღმერთი მხოლო.
მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისათა.
აღგიარო შენ, უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;
რამეთუ დიდ არს წყალობაჲ შენი ჩემ ზედა, და იჴსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.
ღმერთო, უსჯულონი აღდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.
და შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.
მოიხილე ჩემ ზედა და შემეწიე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მჴევლისა შენისა.
ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე და ნუგეშინის-მეც მე.