ფსალმუნნი, თავი 72
ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.
რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.
ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.
ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან.
და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?
აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.
და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.
რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.
ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.
მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
როცა გული დამიძმარდა და შიგნეულობა დამეფლითა,
უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.
ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.
ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.
მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა ესესნი, ფსალმუნი ასაფისა, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ, ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.
ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი.
რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა ვხედევდ.
რამეთუ არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ თჳსი.
და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუჱ მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა.
განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუესა მაღლად ზრახვიდეს.
დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.
ამისთჳს მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.
და თქუეს: ვითარმე აგრძნა ღმერთმან, ანუ არსმეა მეცნიერებაჲ მაღლისა თანა?
აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.
და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი.
და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაჲ ჩემი განთიად.
და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა, ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.
და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომაჲ ჩემი ჩემ წინაშე,
ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი.
ხოლო ზაკვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.
ვითარღა იქმნეს მოსაოჴრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უსჯულოებისა მათისათჳს?
ვითარცა სიზმარი განღჳძებულისა, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ყო.
რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკმელნი ჩემნი იცვალნეს.
და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისჴმა-ვყავ;
ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე. და მე მარადის შენ თანა ვარ,
მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი. და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.
რამეთუ რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რა ვინებე ქუეყანასა ზედა?
მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.
რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.
ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.