ფსალმუნნი, თავი 128
გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.
მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.
ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.
შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.
რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.
და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.
მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან,
მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.
ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი.
უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი.
იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა,
რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა.
და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება