ფსალმუნნი, თავი 138
გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.
თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.
უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.
უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.
საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.
და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.
სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.
რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.
გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.
არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.
ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.
ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.
დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.
ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!
რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.
ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?
სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.
გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.
უფალო, გამომცადე მე და მიცან მე;
შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი,
შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ.
და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა;
აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი.
საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.
ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი?
აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;
აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა,
და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე.
და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა.
რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი.
რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან.
აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად.
არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის.
ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი.
აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ.
უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.
რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა ქალაქნი შენნი.
ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკაფდი?
სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნეს მე.
განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი.
და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.