ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 21

1

გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი.

2

ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.

3

ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.

4

შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.

5

შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.

6

შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.

7

მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.

8

ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.

9

ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.

10

რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.

11

შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.

12

ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.

13

ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.

14

პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.

15

ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.

16

გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.

17

რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.

18

მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.

19

ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.

20

და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.

21

გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.

22

მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.

23

ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.

24

უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.

25

რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.

26

შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.

27

ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.

28

გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.

29

რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.

30

ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.

31

შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.

32

მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.

1

დასასრულსა, შეწევნისათჳს საცისკროსა, ფსალმუნი დავითისი

2

ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.

3

ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.

4

ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.

5

შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;

6

შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.

7

ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.

8

ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.

9

ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.

10

რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან.

11

შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედისმუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი ხარი შენ,

12

ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ არს მწე ჩემდა.

13

გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;

14

აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან.

15

ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.

16

განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე.

17

რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;

18

განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,

19

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.

20

ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ჴელის აპყრობად ჩემდა მომხედენ;

21

იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთასა მხოლოდშობილებაჲ ჩემი;

22

მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;

23

მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა გიგალობდე შენ.

24

მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას;

25

ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.

26

შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.

27

ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.

28

მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;

29

რამეთუ უფლისაჲ არს სუფევა და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.

30

ჭამეს და თაყვანი-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენენ მიწად.

31

და სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას;

32

ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151