ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 17

1

გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.

2

და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.

3

უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.

4

ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.

5

გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.

6

შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.

7

გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.

8

შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.

9

აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.

10

დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.

11

ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.

12

წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.

13

მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.

14

და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.

15

გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია.

16

და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.

17

გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.

18

დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.

19

აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.

20

გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.

21

მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.

22

ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;

23

ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.

24

უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.

25

და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.

26

გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.

27

ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;

28

რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.

29

ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.

30

შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.

31

უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.

32

რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?

33

ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.

34

ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.

35

ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.

36

მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.

37

გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.

38

დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.

39

დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა ქვეშ განირთხმებიან.

40

და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.

41

ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.

42

იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და არ უპასუხებს.

43

გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.

44

მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.

45

ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.

46

უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.

47

უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.

48

ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.

49

ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი.

50

ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.

51

ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.

1

დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.

2

შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.

3

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.

4

ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.

5

გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;

6

სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.

7

ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.

8

და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.

9

აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.

10

და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.

11

და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.

12

და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.

13

ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა.

14

და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15

მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.

16

და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.

17

გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.

18

მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.

19

მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.

20

და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.

21

და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა მომაგოს მე.

22

რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;

23

რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.

24

და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.

25

და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა.

26

წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,

27

და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო.

28

რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;

29

რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;

30

რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა.

31

ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.

32

რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?

33

ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი;

34

განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.

35

განსწავლენ ჴელნი ჩვმნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი.

36

და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.

37

ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.

38

ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.

39

ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.

40

და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.

41

და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.

42

ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ უფლისა მიმართ და არა ისმინა მათი.

43

და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი.

44

მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა;

45

ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი;

46

შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.

47

ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისა.

48

ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა

49

და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე.

50

ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.

51

განადიდე ცხორებაჲ მეფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151