ფსალმუნნი, თავი 100
დავითის ფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.
ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.
არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე.
თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისჴმა-ვყო
გზასა უბიწოსა; ოდეს მოხჳდე ჩემდა? ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შოვრის სახლისა ჩემისა.
არა დავდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფნი გარდასლვისანი მოვიძულენ;
არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე.
რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო.
თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე.
არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ; რომელი იტყჳნ სიცრუესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.
ცისკარს მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. დიდებაჲ.