ფსალმუნნი, თავი 131
გალობა აღსავალთა.
გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი.
როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე.
თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს,
ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.
აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.
აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ.
შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.
შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.
თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.
რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.
მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ.
იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.
მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი“.
მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი,
ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა:
ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და გასუენებაჲ ჴორცთა ჩემთა,
ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
ესერა, გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა.
შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი.
აღდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა;
მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.
დავითისთჳს, მონისა შენისა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.
ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.
და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.
რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა:
ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.
ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.
მღდელთა მისთა შევმოსო ცხორებაჲ, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.
მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადო სანთელი ცხებულსა ჩემსა.
მტერთა მისთა შევმოსო სირცხჳლი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.