ფსალმუნნი, თავი 101
ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.
უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.
ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.
უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.
რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.
ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.
შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.
შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.
რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.
როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.
ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.
ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი
უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ.
ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.
რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს.
იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.
ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.
ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა.
უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა.
მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.
რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი
პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე.
და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ, განვჴემ.
ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი თესლითი თესლამდე.
შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისა, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი.
რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ.
და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა დიდებისაგან მისისა.
რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა.
მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მისი.
დაიწერენ ესენი ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა;
რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,
რათა შეისმინოს სულთქმაჲ შებორკილებულთა და განჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი,
თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალჱმს,
შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა.
მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთა მითხარ მე.
და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთასა; თესლით თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.
დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან.
იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ.
ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ.
ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.