ფსალმუნნი, თავი 1
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს.
ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი - მართალთა კრებულში.
რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა
და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.
და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას.
არა ესე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.
ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა;
რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთა და გზაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.