ფსალმუნნი, თავი 18
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.
მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
დასასრულსა, ფსალმუნი დავითის
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.
ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.
მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი.
სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე.
განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.
და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
შეცოდებანი ვინმე გულისჴმა-ყუნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.
და უცხოთაგან იცევ მონა შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.