ფსალმუნნი, თავი 107
გალობა. ფსალმუნი დავითისა.
მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით.
გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს.
გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.
რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.
ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.
მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.
ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?
მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.
გალობაჲ, ფსალმუნი დავითისი
განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი; გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.
განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა; მე განვიღჳძო განთიად.
აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის,
რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაჲ შენი.
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
რათა იჴსნნე საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; ავმაღლდე და განვყო სიკიმაჲ და ღელე იგი საყოფელთა განვზომო.
ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისა,
იუდა, მეუფე ჩემი, მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიამდე აღვიკუართნე ჴამლნი ჩემნი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე,
არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხორებაჲ კაცისა.
ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ყვნეს მტერნი ჩუენნი.