ფსალმუნნი, თავი 91
ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის.
კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.
ფსალმუნი, გალობაჲ დავითისი, დღისა შაბათისა
კეთილ არს აღსაარებაჲ ღმრთისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო;
მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედღამედ,
ათძალითა საფსალმუნისათა და ჴმითა ებნისათა;
რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ჴელთა შენთათა ვიხარებდე.
ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.
კაცმან სულელმან არა ცნას, და უგნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე.
აღმოცენებასა ცოდვილთასა, ვითარცა თივა, და გამოჩნდეს ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა, რაჲთამცა მოისრნეს უკუნითი უკუნისამდე.
ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო, რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი, უფალო,
რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა.
და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაჲ ჩემი, და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა;
და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა და მათთჳს, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა.
მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს.
დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.
უფროჲსად განმრავლდენ სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა.
რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუე მის თანა.