ფსალმუნნი, თავი 134
ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.
მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!
ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!
კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!
აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.
რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.
რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;
ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა;
რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე;
გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი:
სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.
უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე.
რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი.
პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას
სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა,
სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.