ფსალმუნნი, თავი 70
შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.
შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.
ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან.
რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე.
შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.
საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი ძალოვანი თავშესაფარი.
ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველდღიურად.
ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.
რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.
და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.
ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;
ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.
ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.
ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.
ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.
ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთა და პირველ წარტყუენულთა მათთჳს, წარუწერელი ებრაელთა შორის
შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.
მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.
ღმერთო ჩემო, მიჴსენ მე ჴელთაგან ცოდვილისათა, ჴელთაგან უსჯულოსათა და ცრუსათა;
რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან.
შენდამი განვმტკიცენ საშოთაგან, დედისმუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაჲ ჩემი მარადის.
ვითარცა სასწაულ ვექმენ მე მრავალთა, შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.
აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა. და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.
რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და, რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად.
და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მჴსნელ მისა.
ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.
ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემთჳს.
ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.
პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისა.
შევიდე მე ძლიერებითა უფლისაჲთა; უფალო, მოვიჴსენო სიმართლე შენი მხოლოჲსა.
ღმერთო ჩემო, რაოდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა.
და მიმჴცოვნებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა;
ძლიერებაჲ შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?
რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძჳრნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.
განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაჲ შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანისათა კუალად აღმომიყვანე მე.
და რამეთუ მეცა აღგიარო შენ, ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისათა ჭეშმარიტებაჲ შენი, ღმერთო, გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაჱლისაო.
იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იჴსენ.
უფროს და ენაცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძჳრსა ჩემსა.