ფსალმუნნი, თავი 9
გუნდის ლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითის ფსალმუნი.
გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,
ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით;
და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი.
და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა.
მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან,
რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა;
ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.
განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი.
მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ.
რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენა დავრდომილთა არა წარწყმდეს სრულიად.
აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
რადმე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამთა ოდენ ჭირისასა?
ამპარტავანებასა უღმრთოთასა შეიწვინ გლახაკი; შეპყრობილ იყვნენ იგინი ზრახვათა მათთგან, რომელთაცა ზრახვენ.
რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი გულისთქუმათა შინა სულისა თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ.
განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა გამოიძიოს;
არა არს ღმერთი წინაშე მისსა. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თჳნიერ ძჳრისა.
წყევითა და სიმწარითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ.
დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოსა;
თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არახილვად სრულიად.
აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
რადმე განარისხა უღმრთომან ღმერთი? _ რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს.
ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რათამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა იპოვოს.
უფალი მეფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
ნებაჲ გლახაკთა ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი,
განკითხვად ობოლისა და გლახაკისა, რათა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა.