ფსალმუნნი, თავი 25
დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.
რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.
სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.
მისაჯე მე, უფალო, რამეთუ უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე.
გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.
რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.
არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.
მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე.
დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო;
სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი.
უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა.
ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;
რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა.
ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.
ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.