ფსალმუნნი, თავი 89
ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.
ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება?
ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა.
მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა.
გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ.
იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება - მათმა შვილებმა.
და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.
უფალო, შესავედრებელ-მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.
პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ.
ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.
რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა.
წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარჴდეს,
განთიად აღყუავდეს და წარჴდეს, მწუხრი დაჭნეს, და განჴმეს და დაცჳვეს.
რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულისწყრომითა შენითა შევძრწუნდით.
დასხენ უსჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხორებაჲ ჩუენი _ ნათელსა პირისა შენისასა.
რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს.
დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომა და სალმობაჲ; რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშჳდე, და ჩუენ განვისწავლენით.
ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისა და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაჲ?
მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა _ სიბრძნე შენი.
მოიქეც, უფალო! ვიდრემდის? და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.
აღვივსენით ჩუენ ცისკარს წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ
ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლეს ჩუენ და წელთა, ვიხილეთ ჩუენ ძჳრი.
და მოხედენ მონათა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
და იყავნ ნათელი უფლისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა და ქმნული ჴელთა ჩუენთა წარგჳმართე.