ფსალმუნნი, თავი 106
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.
აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი.
შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა.
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.
წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა.
გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად.
დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ.
აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან.
სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს პირი აეკვრება.
ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.
აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,
თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი
აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ.
შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს;
ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი
და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა.
აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,
მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,
რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა განარისხეს;
და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არა ვინ იყო მწე მათდა.
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი
და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.
აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.
შეეწია მათ გზისა მისგან უსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;
ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნა იგინი.
მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.
აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,
და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისა და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.
რომელნა შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,
მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა.
თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;
აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა,
შეშფოთნეს და შეძრწუნდეს, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.
ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი.
და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;
და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა.
აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა.
აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.
დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად,
ქუეყანა ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა.
დადვა უდაბნო ტბად წყალთა და ქუეყანა ურწყული - გამოსადინელად წყალთა;
დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალიქები საყოფელად მათდა,
და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისა.
და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.
და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთასა და სალმობისა.
მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არაგზასა.
და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა, ვითარცა ცხოვარსა, ტომებსა მათსა.
იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი.
ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყუნეს წყალობანი უფლისანი? დიდება