ფსალმუნნი, თავი 81
ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.
როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა.
განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.
აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.
ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.
ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?
უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ;
განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსენით იგი.
არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.
მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;
ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით.
აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.