ფსალმუნნი, თავი 64
გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა.
შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.
მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.
ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა.
განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.
აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.
და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.
კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.
გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე.
წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით შეიმოსებიან.
საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობაჲ იერემიასი და ეზეკიელისი და ერისა მის მსხემობისა
შენ გშუენის გალობა, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალჱმს.
შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ჴორციელი მოვიდეს.
სიტყუანი უსჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო.
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, და დაიმკჳდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს ტაძარი შენი,
საკჳრველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი; ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს.
განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თჳსითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა,
რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღჳსასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდეს წარმართნი,
და ეშინოდეს მკჳდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაჲ.
მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაჲ მისი; მდინარე ღმრთისაჲ აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ.
ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.
აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა.
განპოხნეს შუენიერებაჲ უდაბნოსა და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.
შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.