ფსალმუნნი, თავი 90
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.
რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.
თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.
შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.
დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.
რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.
რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი.
მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.
ქებაჲ გალობით დავითისი, ზედაწარწერილი ებრაელთა შორის. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს.
ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთასა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.
ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე;
საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.
არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო.
რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა;
ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;
ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.
დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. დიდებაჲ