ფსალმუნნი, თავი 83
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთა ფსალმუნი.
რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.
ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში.
გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.
ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.
ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.
რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი
ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.
ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა
ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა,
და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს.
უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.
მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.
რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან;
უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.