ფსალმუნნი, თავი 59
გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის საკრავზე, დავითის საგალობელი, შესწავლისათვის.
როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე.
ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ აღგვადგინე.
შეაზანზარე მიწა, გაკვეთე; განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა.
აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული.
მიეცი შენს მოშიშებს დროშა ასაფრიალებლად ჭეშმარიტებისათვის. სელა.
რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.
ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის დაბლობს მივუზომავ“.
ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.
მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს გავიშვერ; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.
ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.
მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს.
დასასრულსა, ცვალებადთათჳს; მერმეცა ძეგლისწერა დავითისი სამოძღურებელად
რაჟამს-იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისა და ასურეთი სუბაკაჲ და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი
ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ.
შეარყიე ქუეყანა და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა.
უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისა.
მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშჳლდისა,
რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; განვიხარო და განვყო სიკიმა და ღელე იგი საყოფელთა განვზომო.
ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისა; იუდა, მეუფჱ ჩემი,
მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიადმდე წარვიმართო სლვა ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
ვინ მომიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე,
არა თუ შენ, ღმერთო, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ კაცისა.
ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.