ფსალმუნნი, თავი 73
მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.
ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომა შენი ცხოვართა ზედა სამწყსოსა შენისათა.
მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითბან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისათა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა.
აიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა?
და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა,
დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა
დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი.
დაწუეს ცეცხლით სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისა.
თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარა ვინ არს წინაწარმეტყუელ, და ჩუენ არა ვინ გჳცნნეს მერმეცა.
ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად?
რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?
ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა.
შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა.
შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი.
შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგნურმან განარისხა სახელი შენი.
ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
მოხედე აღთქმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისათა სახლნი უსჯულოთანი.
ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა.
აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთა ამაღლდა მარადის. დიდება