ფსალმუნნი, თავი 63
გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,
რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ?
ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.
და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.
გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი.
დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუჲსათა.
რომელთა აღლესნეს, ვითარცა მახჳლნი, ენანი მათნი, გარდააცუეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა.
რაჲთამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოჲ;
მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. განიმტკიცეს თავისა თჳსისა სიტყუაჲ უკეთური, მიუთხრეს დარწყმაჲ მახისა; და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?
გამოიძიეს უსჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისათა,
და ამაღლდეს ღმერთი, ისარ ჩჩჳლთა იქმნნეს წყლულებანი მათნი,
და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ.
და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისჴმა-ყუნეს.
იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქნენ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ