ფსალმუნნი, თავი 95
უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.
მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.
რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.
მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.
გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.
გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი.
უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით.
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;
უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.
მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის _ საკჳრველებაჲ მისი.
რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს ყოველთა ღმერთთა;
რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა.
აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა.
შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა;
შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, და შევიდოდეთ ეზოთა მისთა;
თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისსისაგან ყოველი ქუეყანაჲ.
თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი.
იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი
პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.