ფსალმუნნი, თავი 148
ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო.
ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,
ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;
აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;
აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,
აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს
და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.
აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;
ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,
რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;
და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.