ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი, თავი 105

1

ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.

2

ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?

3

ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.

4

გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.

5

რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.

6

შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.

7

ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.

8

მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.

9

და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.

10

და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.

11

წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.

12

და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.

13

აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.

14

და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.

15

და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.

16

და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.

17

გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.

18

და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.

19

გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.

20

და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.

21

დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.

22

საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.

23

დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.

24

მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.

25

დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.

26

მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;

27

და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.

28

დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.

29

განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.

30

წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.

31

ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.

32

გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.

33

რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.

34

არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.

35

აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.

36

ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.

37

შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.

38

დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.

39

შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.

40

მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.

41

და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.

42

ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.

43

მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.

44

იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.

45

გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.

46

აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.

47

გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.

48

კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!

1

აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

2

ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?

3

ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.

4

მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა,

5

რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა.

6

ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ.

7

მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა.

8

და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი;

9

და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;

10

და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა;

11

და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.

12

და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა და აქებდეს ქებულებასა მისსა.

13

ისწრაფეს და დაივიწყეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.

14

და გულმან უთქუა გულისთქმაჲ უდაბნოსა შინა და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.

15

და მოსცა მათ თხოვა მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა.

16

და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ.

17

განეპო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარნა ბანაკი აბირონისი;

18

და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.

19

და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას;

20

და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოსა მის თივისმჭამელისა.

21

და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისა, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგჳპტეს შინა,

22

საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.

23

და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა მოსრნა იგინი.

24

და შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა;

25

დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ.

26

და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა

27

და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.

28

და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა.

29

და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემა.

30

და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვა;

31

და შეერაცხა მას სიმართლედ და თესლითი თესლადმდე მიუკუნისამდე.

32

და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს,

33

რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა.

34

და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან.

35

და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;

36

და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;

37

და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა.

38

და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა

39

და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.

40

და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი;

41

და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, დაეუფლნეს მათ მოძალენი მათნი;

42

და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა.

43

მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უსჯულოებითა მათითა.

44

და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისა;

45

და მოიჴსენა აღთქმისა თჳსისა და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა;

46

და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.

47

მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რათა აუაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქებოდით ჩუენ ქებულებითა შენითა.

48

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდება

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566676869707172737475767778798081828384858687888990919293949596979899100101102103104105106107108109110111112113114115116117118119120121122123124125126127128129130131132133134135136137138139140141142143144145146147148149150151