ფსალმუნნი, თავი 149
ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.
იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი!
ალელუაჲ
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას,
რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა.
იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა;
და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა;
ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.