ფსალმუნნი, თავი 7
გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს:
უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.
უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.
ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,
ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;
დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს.
აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.
და კრებული ერთა გარემოგადგეს შეუ და ამისათჳს მაღლად მოიქეც.
უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.
აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.
შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე.
არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა.
აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უსჯულოებაჲ.
ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.
მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს.
აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.