ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 1

1

იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.

2

ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული.

3

ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.

4

სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ.

5

როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.

6

ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის.

7

უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.

8

უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.

9

მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?

10

განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად.

11

აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

12

უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.

13

ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში,

14

მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით;

15

დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

16

ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

17

ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

18

ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.

19

ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

20

ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.

21

თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22

მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია.

1

კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისსა, რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

2

და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ.

3

და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი შჳდ ათას, აქლემები სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას, და მსახურთა სიმრავლე ფრიად. და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაური მზისა აღმოსავალისათაგანი.

4

და შეკრბიან ძენი მისნი ერთად ურთიერთას და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღედ. და მიიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი ჭამად და სუმად მათ თანა.

5

და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მიავლინის იობ და განწმიდნის იგინი და აღდგის განთიად და შეწირის მათთჳს მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა და ზუარაკი ერთი ცოდვათათჳს სულთა მათთასა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოიჴადეს უფლისათჳს. და ამას ჰყოფდა იობ ყოველთა დღეთა მისთა.

6

და ვითარცა იქმნა დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა.

7

და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ.

8

და ჰრქუა მას უფალმან მიჰხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

9

მიუგო ეშმაკმან და თქუა წინაშე უფლისა: ნუუკუე მედად ჰმსახურებსა იობ უფალსა?

10

ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ? და გარეშე ყოველივე რაჲ არს მისი, მოიცევ, საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ-ჰყავ,

11

არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა ღათუ გაკურთხევდეს.

12

მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა, ყოველი, რაცა არს მისი, მიგეც ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეახებ. და გამოვიდა ეშმაკი პირისაგან უფლისა.

13

და იყო დღე ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა.

14

და აჰა ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა მას: უღლეული იგი ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა.

15

და მოვიდეს მტყუენველნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

16

ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი, მწყემსნი იგი შეჭამნა, ეგრევე მე განვერი მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

17

და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედრები განიყო სამად გუნდად და გარემოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

18

და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა თანა უხუცესისა.

19

და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

20

და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.

21

და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.

22

ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142