იობი, თავი 35
კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:
ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?
რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო?
მე შეგიბრუნებ სიტყვას შენ და შენს მეგობრებსაც:
ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე მაღალია?
რას დაუშავებ მას შენი შეცოდებით? რაც უნდა იმრავლოს შენმა დანაშაულმა, რას ავნებ მას?
რას შემატებ მას შენი სიმართლით ან რას უნდა გემოელოდეს შენგან?
მხოლოდ კაცს, შენივე მსგავსს, ეხება შენი უკეთურება და ადამის ძეს - შენი სიმართლე.
ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ ძლიერთა მკლავებიდან.
არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით გალობათა მომმადლებელი?
რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?
იქ კვნესიან ისინი და პასუხს არ სცემს ღმერთი უკეთურთა ამპარტავნობის გამო.
ჭეშმარიტად სიცრუეს არ მოისმენს ღმერთი და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი.
თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი მის წინაშეა, დაელოდე.
თუ ახლა არა, ოდესმე მაინც გამოაჩენს თავის რისხვას და არად ჩააგდებს მეტისმეტ სიამპარტავნეს.
ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.
მიუგო ელიუს და ჰრქუა:
რასათჳს ესრეთ განიზრახე სასჯელსა შინა? შენ ვინ ხარ, სთქუ, ვითარმედ: მართალ ვარ წინაშე უფლისა?
ანუ ესემე სთქუა: ერთვე ვცოდე, აწ რა ვყო?
მე მოგიგო შენ სიტყუაჲ და სამთა მაგათ მეგობართა შენთა.
აღიხილენ ზეცად და იხილენ და განიცადენ ღრუბელნი, რავდენ მაღალ არიან შენგან.
უკუეთუ სცოდე, აწ რაჲ ჰყო? ანუ თუ ფრიად უსჯულოებაჲ გიქმნიეს, რაჲ ჴელ-გეწიფების ყოფად?
ღაღათუ მართალ ხარ, რაჲმე მისცე მას? ანუ რამე მიიღოს ჴელთაგან შენთა?
კაცისა მსგავსისა შენისაებრ უსჯულოებაჲ შენი და ძისაგან კაცისა სიმართლე შენი.
სიმრავლისაგან ცილისწამებისა ღაღადებდენ და ვალალებდენ მკლავისა მაგრისაგან მრავალთასა.
და არა თქუან: სადა არს ღმერთი, რომელმან შემქმნა მე, რომელმან დააწესნა საცონი ღამისანი,
რომელმან გამომარჩია მე ოთხფერჴთაგან ქუეყანისათა და მფრინველთაგან ცისათა.
მუნ ღაღადებდენ და არა ისმინოს მათი და გინებისაგან უკეთურთასა,
რამეთუ უჯერო არს. ჰნევას ხილვად უფალსა, რამეთუ თავადი ყოვლისა მპყრობელი მსტუარ არს მოქმედთა უსჯულოებისათა და მიჴსნნეს ჩუენ.
ესაჯეღა წინაშე მისსა, უკუეთუ ვითარ შეუძლო ქებად მისა, რავდენ-იგი არს.
და აწ არა ვინ არს, რომელმანცა მოხედა რისხვასა მისსა, და არა ცნა იგი ფრიად შეცოდებითა მით. და იობ ამაოდ აღაღო პირი მისი და უცნობელებით სიტყუათა დაამძიმებს.