იობი, თავი 24
რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?
ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;
ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;
გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად.
აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;
სხვის ყანაში მკიან და ბოროტეულთა ვენახებს იმცვრევენ;
შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში გადასახური.
მთის ნიაღვარში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეებს ეკვრიან;
მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ;
შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ ძნებს;
მათ შემორაგულში ხდიან ზეთს, საწნახლებში სწურავენ ღვინოს, თავად კი სწყურიათ;
ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის და დაჭრილთა სული შველას ითხოვს; ღმერთი კი უყურებს ვედრებას.
ზოგნი ნათლის მოჯანყენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ ჩერდებიან მის ბილიკებზე.
დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.
მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს.
ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი;
რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს.
მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ.
გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს;
დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
ვინც ძარცვავს ბერწ ქალს, შვილდაუბადებელს, და ქვრივოხერს სიკეთეს არ უკეთებს!
სიცოცხლეს უხანგრძლივებს მოძალადეს თავისი ძალით; აჰა, ფეხზე დგას იგი და არ სჯერა, რომ ცოცხალია.
აძლევს სიმშვიდეს და იმედს, და თვალს არ აშორებს მის გზებს;
მცირე ხანს აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან! დაჭკნებიან, როგორც ბალბა და გახმებიან, თავთავებივით მოიცელებიან!
თუ ასე არ არის, ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვებს?
რაჲსათჳსმე უფალი დაავიწყდა ზუავთა.
და უღმრთონი საზღვართა გარდაჴდეს, სამწყსოჲ [!] მწყემსითურთ წარიტაცეს.
და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს.
გარდაადგინეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა. და ერთბამად დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი.
და იქმნნეს იგინი, ვითარცა კანჯარნი ველსა. ჩემთჳს გამოვიდეს მათნი იგი საქმენი; დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ.
ყანაჲ უწინარეს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს. უძლურნი იგი უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ და უზომობით იქმნევდეს.
და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს.
ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს.
წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს,
შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური მოუღეს.
იწროთა შინა სიცრუვით უმზირდეს და გზაჲ სიმართლისაჲ არა იცოდეს.
რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა ყრმათა ჩჩჳლთ სულ-შეითქუნეს დიდად და თავადმან რასათჳს ამათი მოხედვა არა ყო?
ქუეყანასა ზედა ვიდრე იყვნეს იგინი და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა მისთა ვიდოდეს.
იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი.
და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუას: არამე იხილოსმე თუალმან, რამეთუ საფარველი პირისაჲ დადვა?
დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს ნათელი,
რამეთუ ერთბამად განთიად მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ.
სულმცირე არს იგი წინა პირსა წყლისასა. წარწყმედილ იყავნ ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა გამოჩნდინ ნერგი მათი ქუეყანასა ზედა განჴმელი,
რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს, ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და, ვითარცა არმური ცუარისაჲ უჩინო იქმნა.
მოეგენ მას, რაჲცა-იგი ქმნა, შეიმუსრენ ყოველნი ცრუჲ, ვითარცა ხე, უკურნებელად,
რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს.
გულისწყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-ღა-თუ-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხორებაჲ თჳსი.
და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა, რამეთუ მრავალთა ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან.
და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴუვილისაჲ წუელისაგან, რომელი თჳთ დავარდეს.
უკუეთუმცა იყოს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხენინ ცუდად სიტყუანი ჩემნი.