იობი, თავი 3
მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.
ალაპარაკდა იობი და თქვა:
დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!
დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგრდამო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა.
მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს!
ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს!
აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული!
შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები!
რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს!
რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე?
რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი?
ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით!
მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.
ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო აქვთ, ვერცხლით რომ ივსებენ სახლებს.
რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს!
ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ;
იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით;
იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე,
სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ;
უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით,
კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?
რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!
აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.
და ამისა შემდგომად აღაღო იობ პირი თჳსი და სწყევდა დღეთა თჳსთა
და თქუა:
წარწყმდინ დღე იგი, რომელსა მე ვიშევ და ღამე იგი, რომელსა თქუეს, ვითარმედ: წული არს.
ღამე იგი იყავნ ბნელ და ნუ გამოიძიოს უფალმან ზეგარდამო, ნუცა მოვალნ მას ზედა ნათელი.
და იპყარნ იგი ბნელმან და აჩრდილმან სიკუდილისამან. და მოვიდეს მას ზედა ნისლი და წყევა დღისა და ღამემან მოაწიოს ბნელი.
ნუ იყოფინ იგი დღედ წელიწადისად, ნუცა შეერაცხებინ დღეთა თთუეთასა.
არამედ ღამე იგი იყავნ სალმობით და ნუ მოვალნ მას ზედა სიხარული და ნუცა მხიარულებაჲ.
არამედ წყევენ იგი, რომელმან წყეოს დღე იგი, რომელი-იგი ჴელთდებად ვალს ვეშაპსა მას დიდსა.
დაბნელდედ ვარსკულავნი მის ღამისანი და ნუ დაადგრებინ და ნუცა განათლებად მოვალნ და ნუ იხილავნ მთიებსა აღმომავალსა.
რამეთუ არა დაჰჴშნა ბჭენი საშოსა დედისა ჩემისანი. და განმაშორა სალმობაჲ თუალთაგან ჩემთა.
რაჲსათჳს მუცელსავე შინა არა მოვჰკუედი? საშოთ რაჲ გამოვედ და არა მეყსეულად წარვწყმდი?
ანუ რაჲსათჳს შემემთხჳნეს მუჴლნი? ანუ რასათჳს ძუძუთა განმზარდეს მე ?
აწმცა დაწოლილ ვარ და დაყუდებულ, და-მცა-ვიძინე, და განვისუენე.
მეფეთა თანა მზრახვალთა ქუეყანისათა, რომელნი იზახებდეს მახჳლებითა მათითა,
ანუ მთავართა, რომელთა თანა იყო ოქროჲ ფრიად, რომელთა აღევსნეს სახლნი მათნი ვეცხლითა.
ანუ ვითარცა მორყუნილი რაჲ გამოჴდის საშოთ, ანუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელთა არა იხილეს ნათელი.
მუნ უღმრთოთა თანა აღაგზნეს გულისწყრომაჲ რისხვისა. მუნ განისუენეს მაშურალთა ჴორცითა,
ერთბამად, საუკუნეთა მათ არა ესმის მათ ჴმაჲ ხარკისმკრებელთა.
მცირე და დიდი მუნ არს და მსახური უშიშად უფლისა თჳსისა.
რაჲსათჳსმე მოეცა განმწარებულთა ნათელი და ცხორებაჲ, რომელნი სალმობასა შინა არიან, სულნი,
რომელთა სწადის სიკუდილი და ვერ მიემთხჳნიან და ეძიებენ მას, ვითარცა საფასესა.
და მხიარულ იქმნიან, რაჟამს მიემთხჳნიან,
რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენა ღმერთმან მათ ზედა.
უწინარეს საზრდელისა ჩემისა სულთქმანი მოიწევიან. ვცრემლოვი შეყენებული შიშისა,
რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე.
ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა მყუდროებით და ვერცა განვისუენებდ. და მოიწია ჩემ ზედა რისხვა.